მყარი ბიოსაწვავი

ბიომასის მყარ ნარჩენებს, პირდაპირი წვის შემთხვევების გარდა, მოხმარების ტექნოლოგიებში გამოსაყენებლად წინასწარ აძლევენ ბრიკეტების ან პელეტების (გრანულების) ფორმას. ბრიკეტების მიღება შესაძლებელია ხე-ტყის, სოფლის მეურნეობის, კვების და ზოგიერთი სხვა ნარჩენისაგან. ხე-ტყის ნარჩენებისაგან ასევე ხდება ჩიპსების (ნათალების) დამზადება.  

ბრიკეტირება

ბრიკეტირებისას, ნარჩენებზე მაღალი წნევის მოქმედებით  მიიღება გეომეტრიულად სწორი ფორმის მყარი სხეული, რომელიც გამოიყენება საწვავად. ბრიკეტირების ყველაზე გავრცელებულ მეთოდებს წარმოადგენს პირდაპირი დაწნეხა და პიროლიზი, რომელიც, თავის მხრივ, თერმოქიმიური მეთოდის ნაირსახეობაა.
ნახ. 1-ზე მოყვანილია ჩალის ბრიკეტების დამამზადებელი ხაზის გამარტივებული ბლოკ-სქემა:

 

 

 

ნახ. 1

ბრიკეტირების დანადგარში მიწოდებამდე ჩალის ან სხვა სასოფლო-სამეურნეო ნარჩენის დაქუცმაცება ხდება დანადგარ 1-ში, საიდანაც მიმღები ბუნკერი 2-ის გავლით, პნევმოტრანსპროტიორი 3-ის მეშვეობით მიეწოდება ძირითად ბუნკერს 4. ბრიკეტირების დანადგარ 5-ში შნეკური დაწნეხვის მეთოდით დამზადებული ბრიკეტები გამაცივებელი მოწყობილობა 6-ის გავლით გამოდის მზა სახით.  
ხე-ტყის ნარჩენებიდან საწვავი ბრიკეტების დამამზადებელი ხაზის ერთ-ერთი ვარიანტი (ასევე შნეკური ტიპის წნეხით) წარმოდგენილია ნახ. 2-ზე: 

 

 

 

 

 

 

ნახ. 2 

წინა მაგალითთან დამატებით, აქ წარმოდგენილია საშრობი დოლი 5, რომელშიც მასალიდან ზედმეტი ტენის ართმევა ხორციელდება თბოგენერატორ 6-ის მიერ გამომუშავებული ცხელი ჰაერით. საჭირო კონდიციებამდე გამომშრალი ბიომასა საშრობი დოლიდან  მიეწოდება ვენტილიატორ 8-ს.  
გარდა შნეკური წნეხებისა, პრაქტიკაში გამოიყენება აგრეთვე დოლური და დგუშისებური ტიპის წნეხები, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან მუშაობის პრინციპით.

პელეტირება

პელეტირებისას, მაღალი წნევის მოქმედებით ნარჩენები შეიკუმშება მცირე ზომის ცილინდრულ მყარ სხეულებად - პელეტებად. ხის ნარჩენების შემთხვევაში, ეს პროცესი გამარტივებული სახით წარმოდგენილია ნახაზ 3-ზე:

 

 

 

 

 

ნახ. 3

ნარჩენების საწყობი 1-დან სეპარატორი 2-ის გავლით ნაფოტები მიეწოდება ჩაქუჩიან სამსხვრეველა 3-ს, რომელშიც საცერის დიამეტრის მიხედვით დაქუცმაცდება წვრილ ფრაქციებად. აღნიშნული მასალა საშრობი დოლის გავლით მოხვდება წნეხ-გრანულატორებში 6, სადაც დაწნეხით ხდება მყარი ხის პელეტების (გრანულების) ფორმირება. მაგრამ საჭირო სიმტკიცეს პელეტები შეიძენენ მხოლოდ გაცივების პროცესში, რაც ხორციელდება საცივარ 8-ში. პელეტირების პროცესის ბოლო ელემენტია შეფუთვის ხაზი 10,11.

ხის ჩიპსები

 ხის ჩიპსების დამზადება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ტყეკაფში, ასევე მისი მოხმარების ადგილას. სურ. 4-ზე ასახულია ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილური კომბაინის მუშაობა, რომელსაც შეუძლია შეასრულოს სრული სამუშაო ხის მოჭრიდან ჩიპსის შექმნის ჩათვლით.  

 

 

 

 

 

 

 

 

 

სურ. 4

კომბაინი აღჭურვილია მჭრელი დანებით, რომლითაც ხდება თხელტანიანი ხეების მოჭრა. დანები განთავსებულია ჰიდრომანიპულიატორის ისარზე, მოქმედების რადიუსით 9,5 მ. სპეციალური მარწუხით ხდება ხის ნარჩენების აღება და მიწოდება გადასამუშავებლად. ასევე მექანიკურად ხდება ბუნკერში მოხვედრილი ჩიპსების ჩაყრა კომბაინის სატვირთო ბლოკში მოთავსებულ მოსახსნელ კონტეინერში.