მყარი ბიოსაწვავი

ბიოსაწვავი შეიძლება იყოს ნებისმიერი ბიოლოგიური მატერია, რომელსაც საწვავად გამოვიყენებთ. ასეთი განმარტებით ნათელი ხდება, რომ ნებისმიერი განახლენადი ბიოლოგიური მატერია, როგორიცაა მაგალითად ხე, ფოთლები ან ცხოველის გამომშრალი ფეკალიები მიეკუთვნება ბიოსაწვავს. 
ხე არის მყარი ბიოსაწვავი, რომელიც შეიძლება წარმოდგენილი იყოს სხვადასხვა ფორმით: შეშა, ნახშირი, ხის ჩიპსები, პელეტები, ბრიკეტები, ნახერხი. მყარი ბიოსაწვავი მოიცავს აგრეთვე ცხოველის გამომშრალ ნაკელს, მუნიციპალურ ნარჩენებს და მარცვლეულის ბიოსაწვავს. 
შეშა - 1კგ ხეს შეუძლია 14-15 მჯ ენერგიის გამოყოფა წვისას თუკი წვის ეფექტურობა იქნება 100%. თუმცა, როგორც ნებისმიერი ტიპის საწვავის შემთხვევაში, ეფექტურობა 100%-ზე ნაკლებია და საშუალოდ 70%-ს შეადგენს (ე.ი. 1კგ ხე დაახლოებით 10 მჯ ენერგიას გვაძლევს). ხის პირდაპირი წვის უარყოფითი მხარე არის ჰაერის დაბინძურება. წვის პროცესში გამოიყოფა ნახშირორჯანგი, ჭვარტლი, კვამლი პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები. დამაბინძურებელი ნივთიერების გამოყოფის შესამცირებლად გამოიყენება ღუმელები, რომლებშიც ხე იწვის ძალიან მაღალ ტემპერატურაზე (600 გრადუსი ცელსიუსით). 
მყარი ბიომასისს პირდაპირ წვას ხშირ შემთხვევაში მის გადამუშავებას ამჯობინებენ. ნახერხისა და ხის ჩიპსების შემთხვევაში ხდება პირველ რიგში მათი დაპრესვა და შემდეგ გამოყენება. დაპრესვის პროცესში ბიოსაწვავი იღებს კუბის, ცილინდრის ან სხვა ისეთ ფორმას, რომელიც აადვილებს ბიოსაწვავის ტრანსპორტირებას, შენახვას და გამოყენებას. დაპრესვის პროცესში ბიოსაწვავს ხშირად უმატებენ შემაერთებელ ნივთიერებას (მაგალითად ხის წებოს) რათა მასა შეიკრას და მიიღოს სასურველი ფორმა. ასეთი თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებულ მყარ ბიოსაწვავს მიეკუთვნება პელეტები, ბრიკეტები და ხის ჩიპსები.


პელეტი არის თანამედროვე ბიოსაწვავი რომელიც  ბიომასის დაპრესვით მზადდება. პელეტები ძირითადად ხისგან მიიღება. ხის პელეტები ყველაზე ხშირად კეთდება ნახერხით, ხე-ტყის გადამუშავების ან სხვა ხის წარმოების შემდეგ დატოვებული ნარჩენი პროდუქტებისგან. პელეტების წარმოება იწყება ნედლეულის (ნახერხი, ბურბუშელა და ა.შ.) მიწოდებით, შემდეგ ხდება მისი გამოშრობა, შემოწმება რომ არასასურველი მასალა არ ერიოს ბიომასაში (ქვა, რკინა და სხვა), ამის შემდეგ ბიომასა იფქვება და იპრესება, რასაც მოსდევს დამზადებული პელეტების ხარისხის კონტროლი.  
ხის ნედლეულისგან დამზადებული პელეტების წარმოება და ამ პელეტებით ვაჭრობის მოცულობა მსოფლიოში საგრძნობლად გაიზარდა 2008 წლის შემდეგ. ამერიკა გახდა პელეტების მთავარი მწარმოებელი და ექსპორტიორი. იგი ექსპორტს აწარმოებს ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც პელეტებზე მოთხოვნის ზრდა განაპირობა ევროკავშირის ენერგო პოლიტიკამ, რომელიც მიზნად ისახავს სათბური გაზების გამოყოფის შემცირებას და განახლებადი ენერგიის მოხმარების ზრდას. ბევრმა ევროპულმა ელექტრო ენერგიის მწამოებელმა კომპანიამ ჩაანაცვლა (ან გადასვლის პროცესშია) ნახშირით ენერგიის გენერაცია ხის პელეტებით ელექტრო ენერგიის წარმოებით. ხის პელეტებზე მოთხოვნა იზრდება ასევე კორეაში და იაპონიაში, რაც აგრეთვე განპირობებულია ამ ქვეყნების ენერგო პოლიტიკით. 
ბრიკეტი  - ბრიკიტების გავრცელებული სახეობებია ნახშირისა და ბიომასის ბრიკეტები.   ბიომასის ბრიკეტები ძირითადად მზადდება მწვანე ნარჩენებისგან ან სხვა ორგანული მასალისგან და  გამოიყენება ელექტროენერგიის საწარმოებლად, გასათბობად ან სხვა საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის. ეს დაწნეხილი ნაერთები შეიცავს სხვადასხვა ორგანულ ნივთიერებებს, როგორიცაა: ბრინჯის ნაფცქვენები, შაქრის წარმოების ნარჩენები, თხილის ნაჭუჭები, მუნიციპალური მყარი ნარჩენები, სოფლის მეურნეობის ნარჩენები. ბრიკეტების შემადგენლობა იცვლება არეების მიხედვით, ნედლეულის რესურსების ხელმისაწვდომობის გამო. ნედლეული მასალები გროვდება და შემდეგ იწნეხება ბრიკეტებად, რათა მომავალში გამოყენებულ იქნეს საწვავად ხანგრძლივი დროის განმავლობაში, აგრეთვე გაადვილებულ იქნეს მისი ტრანსპორტირება. ბრიკეტები ხშირად გამოიყენება ღუმელებში, სადაც ხელით ხდება საწვავის (ბრიკეტების)  ჩამატება, ხოლო  - პელეტები ავტომატურ რეჟიმში მომუშავე ღუმელებში. 
ხის ჩიპსები მზადდება მთლიანი ხისგან, მისი ტოტებისგან ან  ბუჩქოვანი მცენარისგან, მასალას ავტომატურად ანაკუწებს, აქუცმაცებს სპეციალური მანქანა - ჩიფერი. იდეალურ შემთხვევაში ხე უნდა გამოშრეს სანამ დაქუცმაცდება ან ჩიპსების დამზადების შემდეგ უნდა მოხდეს მისი გამოშრობა. 
გარდა ხისა და მისგან დამზადებული საწვავისა, მყარი ბიოსაწვავი მოიცავს აგრეთვე ცხოველური ფეკალიისგან, მუნიციპალური ნარჩენებისგან და მარცვლეულისგან მიღებულ საწვავს.