სიახლეები

სამუშო შეხვედრა: ბიომასის პოპულარიზაცია საქართველოში

საქართველოს ბიომასის ასოციაცია, თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებთან ერთად, მართავს ერთობლივ სამუშაო შეხვედრას თემაზე: „ბიომასის პოპულარიზაცია საქართველოში“.  ღონისძიება გაიმართება 2017 წლის 20 ივლისს თიანეთში.  

საქართველოში ბიომასის სექტორს განვითარების საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია, თუმცა არსებობს მრავალი ბარიერი და საჭიროა მისი გადაწყვეტის გზების მოძიება. საქართველო ცოტა ხნის წინ გაწევრიანდა ენერგოგაერთიანებაში და ვალდებულია, შეიმუშაოს  განახლებადი ენერგიის განვითარების ეროვნული სამოქმედო გეგმა (NREAP), ბიომასა და ბიოენერგია კი მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

საქართველოს ბიომასის ასოციაცია დაფუძნდა 2017 წლის მარტში. ასოციაციის მისიას წარმოადგენს  საქართველოს მასშტაბით საერთო ეფექტური პლატფორმის შექმნა ბიომასის ენერგოპოტენციალის გასაზრდელად და  ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად.  ღონისძიება ითვალისწინებს საქართველოს ბიომასის ასოციაციის ოფიციალურ წარდგენას, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის მიერ დაფინანსებული „საქართველოში ბიომასის პოპულარიზაციის“ პროექტის მთავარი აქტივობების და მოსალოდნელი შედეგების გაცნობას.

ღონისძიება ასევე ხელს შეუწყობს გამოცდილებისა და წარმატების მაგალითების  გაზიარებას სხვადასხვა პარტნიორებს შორის, გამოკვეთს სექტორში არსებულ გამოწვევებსა და დასახავს ბიომასის ენერგოპოტენციალის განვითარების გზებს საქართველოში.

სემინარზე მოწვეულია კერძო, საჯარო და ფინანსური სექტორებიდან 70-მდე მონაწილე.  შეხვედრის კონცეფციის მონახაზი იხილეთ თანდართულ ფაილში.

ვიმედოვნებთ და მოხარული ვიქნებით თუ შეძლებთ ზემოთ აღნიშნულ ღონისძიებაზე დასწრებას.

რეგისტრაცია: info@biomass.ge